რამდენიმე დღეში თბილისის მერი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია გაიმართება - ვაგონები უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში ჩვენს დედაქალაქში გამოიგზავნება | თბილისის ვიცე-მერი
რამდენიმე დღეში თბილისის მერი ჩინეთში გაემგზავრება, სადაც პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია გაიმართება - ვაგონები უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში ჩვენს დედაქალაქში გამოიგზავნება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და აქტუალურია დღეს ჩვენს მოსახლეობაში. დამეთანხმებით, და ის, რომ ტრამვაი ბრუნდება დედაქალაქში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.
ტრამვაის ხაზი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომლის სატენდერო ყველა პროცედურა არის გავლილი, ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია - საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული. იცით, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. გაფორმდა რამდენიმე კვირის წინ და, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო ათვლა იმ პერიოდის, რა პერიოდშიც უკვე კონკრეტულად უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
გეტყვით, რომ სამი თვე არის და სამ თვეში იქნება მომზადებული, კონცეპტუალური პროექტირება დასრულებული. შემდგომ არის ექვსი თვე იმისთვის, რომ იქნეს დეტალური პროექტირება განხორციელებული და შემდგომ, უკვე 9 თვის თავზე, ჩვენ შეგვეძლება დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები.
საერთო ჯამში, ეს არის 36 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ დედაქალაქში ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით.
რაც შეეხება კონკრეტულად ხაზს, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვნად გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი. მისი ნაკადების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დიდი დიღომი არის ერთ-ერთი, ყველაზე უფრო, შეიძლება ითქვას, საძილე უბანი, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღე უკავშირდება სხვადასხვა თბილისის რაიონებს და ბრუნდება უკან. ეს ნაკადები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრამვაის ხაზი და ამ ხაზის დაპრიორიტეტება ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ანალიზის და ნაკადების მართვის მხრივ გადაწყვეტილება მიღებული.
და, როგორც მოგეხსენებათ, დიდუბის მეტრო და ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი, გარკვეულწილად, ჰაბი სატრანსპორტო ჩვენს ქალაქში. და აი, ზუსტად ეს ხაზი არის 7.5 კილომეტრი, რომელიც მნიშვნელოვნად, ვფიქრობთ, რომ განტვირთავს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო პროექტი ტრამვაის ჩვენს დედაქალაქში და მომავალში აუცილებლად ამ მიმართულებით განვავითარებთ.
და, ზოგადად, მინდა, რომ რამდენიმე სიტყვით ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკასაც შევეხო. მეტრო ერთ-ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევიძინეთ და უკვე მიმდინარეობს, ხელშეკრულება გაფორმებულია და სულ რამდენიმე დღეში თბილისის მერი უკვე ჩინეთში გაემგზავრება, სადაც იქნება პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია, რომელიც უკვე არის დამზადებული და რომელიც უკვე უახლოეს მომავალში გამოიგზავნება ჩვენს დედაქალაქში.
საერთო ჯამში, 111 მეტროს ახალი ვაგონზე არის საუბარი, 25 მატარებელზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენი არსებული ვაგონები დღეს, გარკვეულწილად, რაღაც პერიოდის შემდგომ უკვე ექსპლუატაციის ვადებთან ბოლოსკენ არის და განახლების საჭიროებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენ ჩავატარეთ, და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს სერვისს და გამტარუნარიანობას.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვხედავთ იმ დინამიკას და ჩვენ ამისთვისაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმისათვის, რომ ნაკლები მანქანა იყოს და ნაკლები საცობები გვქონდეს ჩვენს დედაქალაქში.
აქვე ავტობუსებზე ვიტყვი - მუდმივი ჩანაცვლება. იცით, რომ 1000-ზე მეტი ახალი ავტობუსი ჩვენ უკვე გვყავს და უახლოეს მომავალში ჩვენ ასევე დავაანონსებთ დამატებით 200 ავტობუსს.
და ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად ახლებურად მიმდინარეობს მისი დაგეგმარება, რომელიც თანაბრად არის გადანაწილებული, როგორც ფეხით მოსიარულეზე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე კერძო ავტომობილებზე.
თქვენ გახსოვთ, რომ ეს პრიორიტეტები აბსოლუტურად სხვანაირად იყო ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
სხვა სიახლეები
დღეს 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს | თბილისის ვიცე-მერი
25.09.2026.12:25
დღეს 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„ავარიული სახლების ჩანაცვლება ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება.
რაღაც პერიოდის წინ, თქვენ იცით, რომ ხდებოდა ჩვენს ქალაქში ავარიული სახლების გამაგრება. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ახლაც იყოს ერთეული შემთხვევები, რომ რაღაც ამის საჭიროება დგებოდეს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ახლებური მიდგომა განვახორციელეთ.
შევიმუშავეთ რამდენიმე წლის წინ ჩანაცვლების წესი, რომელიც ეხება მრავალბინიან კორპუსებს, სახლებს და ვთქვით, რომ ამ სახლების გამაგრების ეფექტურობა არის ნაკლები. ჩვენ ვითანამშრომლეთ კერძო მესაკუთრეებთან, მოსახლეობასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ცოტა მძიმედ დაიწყო, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა.
დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესია. რაღაც რაოდენობა უკვე დასრულებულია, რაღაცა მშენებლობის პროცესია და რაღაცა დაპროექტების პროცესში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ავარიული ფონდი ძალიან მნიშვნელოვნად, ძალიან მინიმალური ურბანული ჩარევით, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი მოცულობების ზრდა, ვავითარებთ და ჩვენს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ ავარიული სახლების ნაცვლად ჰქონდეთ შესაძლებლობა ახალ, გარემონტებულ სახლებში ცხოვრების.
აქვე მე მინდა აღვნიშნო და კიდევ მივმართო მათ, რომ მეტი თანამშრომლობა კიდევ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ აქ აუცილებლად საჭიროა 100%-ის თანხმობა მესაკუთრეების და რაც უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ჩვენს შორის, კიდევ უფრო მეტ ავარიულ სახლს ჩანაცვლებას შევძლებთ ჩვენ, რომ განვახორციელოთ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევდივართ ბიზნესთან კონკურენციაში და იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობასა და ბიზნესს შორის დგება შეთანხმება, ჩვენ ამ პრეფერენციებს ვავრცელებთ უკვე კერძო კომპანიებზე.
ჩვენ ასეთი მაგალითებიც მრავლად გვაქვს ჩვენს დედაქალაქში, რომ კერძო ბიზნესი აკეთებს, ახორციელებს ავარიული სახლების ჩანაცვლებას.
აქვე მნიშვნელოვანი მიმართულება, რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ ისტორიულ არეალებში ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თქვენ იცით, რომ ამჟამად მიმდინარეობს სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციები.
ჯამური ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ლარია და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების თვალსაზრისით, ასევე, რა თქმა უნდა, ავარიული შენობა-ნაგებობების ხშირ შემთხვევაში დემონტაჟი და ახლის მშენებლობა და რაღაც შემთხვევებში - სარეაბილიტაციო, რომლებიც აბსოლუტურად ინარჩუნებენ მის ავთენტურობას.
თქვენ იცით, რომ ამ შემთხვევაში ხშირად არის ძეგლებზეც საუბარი, თუმცა ეს ისტორიული არეალი, ძეგლი თუ არა ძეგლი, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობაა და ამ მიმართულებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას.
კიდევ ერთი სიახლე მინდა ამ მიმართულებით: ისტორიულ არეალებში, თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩანაცვლებას არ ვახორციელებთ, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ ხდება მოცულობების ზრდა, კოეფიციენტები და არის სხვა სიმკაცრე ურბანული განვითარების მიმართულებით.
აქ ჩვენ შევიმუშავეთ გამოსყიდვის პროგრამა და ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ, 100%-ის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა საბაზრო ღირებულებით მოახდინოს გამოსყიდვა მათი საცხოვრებელი ფართების, რითაც მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი სურვილის მიხედვით განახორციელონ სხვადასხვა უბნებში, თუ იგივე არეალებში არა, ავარიული სახლების შეძენა.
ამ მიმართულებითაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, შემდგარი ქეისი გვექნება და განვახორციელებთ ამ პროექტსაც წარმატებით, დარწმუნებული ვარ", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.