რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოსაწყობად პოლონური კომპანია შეირჩა - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას რამდენიმე მეტროსადგურში ე.წ. ტურნიკეტების მოწყობისა და ასევე, „ახმეტელის თეატრის“ ახალი ამოსასვლელის პროექტის განხორციელების შესახებ ისაუბრა.
თბილისის მერის განცხადებით, მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ე.წ. ტურნიკეტების მოწყობის პროექტი უკვე წარედგინა პოლონურ კომპანიას და ის კომპანიის მხრიდან დადასტურების შემდეგ სამ თვეში განხორციელდება.
„ე.წ. ტურნიკეტების მოწყობასთან დაკავშირებით შერჩეულია პოლონური კომპანია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ველოდებით დადასტურებას. ჩვენ წარვუდგინეთ პროექტი, კერძოდ, რისი გაკეთება გვინდა. დადასტურებიდან სამ თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ პროექტი იყოს დასრულებული.
ასევე, გვაქვს მეორე, ცოტა გრძელვადიანი - „ახმეტელის თეატრის“ მეტროს ახალი ამოსასვლელ-ჩასასვლელის პროექტი. იგივე არის მეტროსადგურ „სამგორთან“ დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, რომ მოხდეს 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია, განახლება და ათ მეტროსადგურზე შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.