რას გეგმავს თბილისის მერია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის დასაძლევად
საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა.
„მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს.
„კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება.
„პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება.
„მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია. ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედინიცო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.