რაზე ისაუბრეს ზურაბ აზარაშვილმა და ჯანმო-ს ხელმძღვანელმა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე,რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისა, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განხორციელებული რეფორმები წარმატებულად შეაფასა.
ისაუბრეს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც და აღინიშნა, რომ რეფორმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.
გარდა ამისა, განიხილეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.
ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევებიც გააცნო და აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს, იმისთვის, რომ მიმდინარე წელს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტი დაემატოს.
ტედროს ადანომ გებრეისუმმა მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წევრები ესწრებოდნენ.
ჯანდაცვის მინისტრი შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.