რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოები 23 ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში იწარმოებს, რა დროსაც ქალაქის მთავარ გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. ასევე, გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზე.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით;
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შემოვლას შეძლებენ რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით;
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს საშუალებით;
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა - ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე გახდება ორმხრივი.
რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397, ასევე მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
უკუმიმართულებით, ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით კვლავ გმირთა მოედანს დაუბრუნდებიან და ისარგებლებენ დადგენილი სქემით.
ავტობუსები N359 და N391 იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით; ავტობუსი N378 მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ აღარ მივა და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით; N408 მიკროავტობუსი მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან დაუკავშირდება თამარ ჭოველიძის ქუჩას; მიკროავტობუსი N420 მეტროსადგურ „რუსთაველს“ აღარ გაივლის და იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს; N457 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
სხვა სიახლეები
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას - დავით სონღულაშვილი
09.09.2026.18:33
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან ერთად, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.
ვეტერან ფერმერებს 20 ერთეული ხელის ტრაქტორი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.
დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს და TİKA-ს, ვეტერანი ფერმერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვეტერანი ფერმერების ღვაწლი და მათ მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახური, ჩვენი ხელისუფლებისთვის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის პარტნიორობა, 2017 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, თურქული მხარის ხელშეწყობით, ვეტერანებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.