რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სამთავრობო პროგრამით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.
თავის პროგრამაში ირაკლი ქარსელაძე შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების, მუნიციპალური და ურბანული განვითარების, არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს. მან ასევე განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელება.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და დაკავშირებადობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
,,დღეისათვის, დასრულებული პროექტების შედეგად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 302 კმ-ზე, ანუ 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, 2025 წელს დასრულდება თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობა და დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა. ასევე, დასრულდება თბილისი-რუსთავის 4-ზოლიანი მაგიტსრალი მშენებლობა; დაიწყება და დასრულდება რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების, ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მონაკვეთის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელ-გასასვლელი გზის და წიწამური-ჟინვალის მაგისტრალური გზის მონაკვეთის მშენებლობა; დასრულდება ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბებისა და მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი და გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა.
მინისტრობის კანდიდატი წყალმომარაგება-წყალარინების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდეგ, დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ გაგრძელდება სამუშაოები, სკოლამდელი და სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, წარმატებულად განხორციელდა და გაგრძელდება ურბანული განახლების პროგრამები და პროექტები.
მინისტრობის კანდიდატმა სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა გაწეული. გასულ წელს დასრულდა მარნეულში საფეხბურთო სტადიონის, სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსის, ბოლნისში და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა; დასრულების ეტაპზეა ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა; ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსთვის კი, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი. თბილისში კი, დასრულების ეტაპზეა ყინულის სასახლე.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე საუბრისას ქარსელაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპორტული მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა თბილისში.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. გაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და დაიწყება ახალი პროგრამა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელება.
გამოსვლის ბოლოს ქარსელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ მიმდინარე წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით შეასრულა. 9 თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.