რევაზ სოხაძე იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
„დღეს იმერეთის რეგიონში დავათვალიერეთ ჩუმათელეთი–ხარაგაული–ძირულას საავტომობილო გზა, რომელიც ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვან ახალ კავშირს წარმოადგენს. მისი ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ერთი მეწყრული მონაკვეთის გამოკლებით. აღნიშნული გზა რიკოთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ასევე გავეცანით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებს თერჯოლასა და სამტრედიაში. მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებითაც, განსაკუთრებით სამტრედიაში, სადაც პროექტების დასრულების შემდეგ ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა სრულად მოგვარდება და თანამედროვე წყალარინების სისტემა მოეწყობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს გაეცნო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობით გამოწვეული პრობლემები განიხილა.
მინისტრი ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 50-კილომეტრიანი გზის პირველი, ძირულა–მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია. მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია ასფალტის საფარის მოწყობა 700 მეტრზე, საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და მოსაცდელის მოწყობა. პროექტი 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მშენებლობასაც ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 105,6 მილიონი ლარია. გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ–დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს.
თერჯოლაში რევაზ სოხაძე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობასაც გაეცნო. 15,8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე მოწყობილია წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ქსელის ძირითადი ნაწილი. დაგეგმილი 44,5 კილომეტრი ქსელიდან მოწყობილია 43,6 კილომეტრი, ხოლო ფინანსური შესრულება 86%-ს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ თერჯოლის 5 330-მდე მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად თერჯოლის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდება სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული სივრცეები და საინჟინრო სისტემები. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
სამტრედიაში მინისტრი მოსახლეობას შეხვდა. მოქალაქეებმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობით გამოწვეულ პრობლემებზე, მათ შორის, დაზიანებულ გზებსა და გადაადგილების შეფერხებებზე ისაუბრეს. რევაზ სოხაძემ მათ მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა დაზიანებული გზების ეტაპობრივ აღდგენაზე, სამუშაოების კოორდინაციასა და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის შემცირებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტები დადგენილ ვადებში უნდა დასრულდეს და სამუშაოების პროცესში მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
სამტრედიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ოთხ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ 7 100-მდე ბენეფიციენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პარალელურად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალარინების სისტემის ორი პროექტი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 216 კილომეტრი საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. წყალმომარაგების პროექტების დასრულება 2027 წლის თებერვალში, ხოლო წყალარინების — დეკემბერში იგეგმება.
სამტრედიაში რევაზ სოხაძე №4 საჯარო სკოლის მშენებლობასაც გაეცნო. 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი სკოლა თანამედროვე სასწავლო სივრცეებით აღიჭურვება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მინისტრი ზესტაფონშიც იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საგზაო კავშირების გაუმჯობესებას, მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.
სხვა სიახლეები
ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას - კახა კალაძე საბურთალოს რაიონში წყალსადენის დაზიანებაზე
18.11.2026.17:23
თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მისი განმარტებით, გამთენიისას მომხდარი ავარიის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ბინები, სარდაფები და კერძო ავტომობილები დაზიანდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
„დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია. თუ კი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს კომპანია GWP. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებით საცხოვრებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამოცვლით იწყება.
„რაც შეეხება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციას, ცხადია, ეს მხოლოდ GWP-ს არ ეხება. არის სხვა საკომუნიკაციო ქსელებიც, რომელიც არის ამორტიზებული, წარმოადგენს პრობლემას და შემთხვევით არ არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2017 წლიდან რაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა, მაშინდელი მოყოლებული, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ეს არის არსებული ქსელის განახლება, მოწესრიგება, რომ შეიქმნას ისეთი კომუნიკაციები, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. რა თქმა უნდა, თბილისი უძველესი ქალაქია, არის პრობლემა მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები. ხშირად, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოებს, რეაბილიტაციებს და პირველი კომუნიკაციები კეთდება, ეს გარკვეულ უკმაყოფილებასაც იწვევს საზოგადოებაში, დისკომფორტიც ახლავს ამას, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ამ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები, როდესაც შევდივართ კონკრეტული გამზირების ან ქუჩების რეაბილიტაციით, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში მოგვყვება კომპანია GWP და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალეზი და GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე იმყოფებოდნენ.