რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის (WB) ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს, ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ჩარლზ კორმიერს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები: ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება, კახეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთების მშენებლობა, მათ შორის ბადიაური - ჩალაუბანის, ჩალაუბანი-ბაკურციხეს, გურჯაანი (ჩუმლაყი) - თელავის მონაკვეთების, საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო წყალარინებისა და სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს განვითარების პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის შედეგები.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისა და საქართველოს მდგრად განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა და განაგრძონ საერთო პროექტების ეფექტიანი განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე.
სხვა სიახლეები
სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს
11.06.2026.17:56
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წერილობით მიმართა შპს “სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს” სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.
სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდან დაიწყება.
მიმდინარე წლის 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა გაზგამანაწილებელი კომპანიის - შპს “მამედის” თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებების გამო. შპს “მამედი” წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატ კომპანიას, რომელიც ბუნებრივ გაზს ანაწილებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში. თვეების განმავლობაში შპს “მამედი” არ ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც შპს “მამედს” 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულის შედეგად, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.
სემეკი უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე, რათა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.