რევაზ სოხაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამიტ კუმარ მიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ელჩს საქართველოში ინდოეთის პირველი რეზიდენტი ელჩის სტატუსით დანიშვნა მიულოცა და დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა, რაც მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში რევაზ სოხაძემ ელჩს გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამიტ კუმარ მიშრამ აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ინდური კომპანიისთვის წარმოადგენს ინტერესის საგანს. მან ასევე გამოხატა დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალით.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
18.08.2026.18:02
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
პროექტი მოიცავს სოფელში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ღობეების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სკვერების კეთილმოწყობას.
გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.
ქვემო მაჩხაანი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სოფელია, რომელიც ძველი განაშენიანებითა და XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. სოფელში შემორჩენილი ისტორიული შენობა-ნაგებობები და ქიზიყისთვის დამახასიათებელი კულტურული გარემო მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ქმნის. სწორედ ამ ისტორიული იერსახის შენარჩუნების გათვალისწინებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლის ინფრასტრუქტურის განახლებას, საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და ქვემო მაჩხაანის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.