რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, მოწყვლად ჯგუფებს ტექ განათლების მიღებაში დაეხმარება
რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.
„ფონდის მიზანია, რომ დავაფინანსოთ ტექ განათლება იმ ადამიანებისთვის რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფები და არ აქვთ საშუალება გადაიხადონ თანხა და მიიღონ განათლება.
ფონდში თანხების აკუმულირება მოხდება როგორც კერძო პირების ისე ბიზნესების შენატანების საფუძველზე და სტუდენტების შერჩევა მოხდება მათი მოწყვლადობის შესაბამისად. ეს იქნება განგრძობადი პროცესი და დამოკიდებულია თანხების მოცულობაზე. ფონდში შემოსული თანხების 100% მოხმარდება ტექ პროფესიების შესწავლას“, - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.
„საქართველოში შემოსვლის დღიდან, ჩვენ ყურადღებით ვართ იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რაც უკავშირდება ახალგაზრდების ტექ განათლებას. დღევანდელ ინიციატივას ეს შედეგი უნდა მოჰყვეს და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ფონდის შექმნასთან მიმართებით ინტერესი დიდია და გვიხარია, რომ ინდუსტრიაში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი იზრდება. ფონდის ფარგლებში მოხდება გადამზადება, ჩვენ მუდმივად გვჭირდება ახალი კადრები და ეს ხალხი გვეყოლება პრიორიტეტში სამსახურში აყვანის დროს“, - განაცხადა Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ.
„არქი უკვე წელიწადზე მეტია თანამშრომლობს სქილვილთან. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ 50%-იანი ფასდაკლება სქილვილში სწავლის დაწყების შემთხვევაში. დღეს ვუერთდებით სქილვილის ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდის დაარსებას. საინტერესოა და მნიშვნელოვანია, რომ სქილვილი ამ ახალი წამოწყებით და ფონდის შექმნით მისცემს საშუალებას რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ამ მიმართულებით მიიღონ განათლება, ფონდი ხელს შეუწყობს, რათა ამ ადამიანებმა მიღონ შესაბამისი ცოდნა, კარიერული გზა გაიარონ და წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდა ფონდის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები გაწევრიანდნენ. კომპანიებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და თავიანთი წვლილი ამ საქმეში.
რეზო თურნავა (1960 - 2024) პროფესიით ექიმი იყო. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედებას ეწეოდა, მის სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანისთვის ხელის გამართვა და გზაზე დაყენება, მათ შორის სწავლის დაფინანსება.
მისი გარდაცვალების შემდეგაც, ოჯახის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება ის საქმე, რომელსაც ის ისედაც ემსახურებოდა. რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, ახალგაზრდების განათლებას სრულად დააფინანსებს. ფონდს ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო პირები შემოუერთდებიან.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.