რიკოთის 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია - ირაკლი ქარსელაძე
,,რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად იქნება გახსნილი 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ.
რიკოთის ყველა ახალი მონაკვეთი აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.
ქარსელაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის პროექტის ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთია, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ისე მშენებლობის ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არსებული გზის მიმდებარედ ხორციელდება.
,,დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.