რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის — 1 კილომეტრი და 362 მეტრი.
ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.
რიკოთზე ახალი გზის მშენებლობის დასრულების შედეგად, 30 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტი ისარგებლებს უწყვეტი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალით თბილისიდან სამტრედიამდე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის შიდა და სატრანზიტო მოძრაობას.
რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო. მოძრაობა ეტაპობრივად იხსნებოდა - გზის პირველი 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
რიკოთის ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებას, მათ შორის ქალაქ ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებულ პუნქტებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში, სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს სპეციალურ მოედნებზე მოეწყო სავაჭრო სივრცეები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს.
პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.