რიკოთთან სპეციალისტები მეწყრულ უბნებს სწავლობენ - საგზაო დეპარტამენტი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, ამ დრომდე გრძელდება სპეციალისტების მუშაობა მეწყრული უბნის შესასწავლად. პროცესში ჩართული მხარეები ყველაფერს აკეთებენ კვლევების საბოლოო შედეგების დროულად მისაღებად და ძირითად მაგისტრალურ საავტომობილო გზაზე (რიკოთის მონაკვეთზე) მოძრაობის აღსადგენად, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელსაც საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროებით გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით.
„კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის 80 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვის გამო. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გადაადგილებას.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტის ორ მონაკვეთზე, გზის ცალ მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი. კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, 69-ე კმ-ზე;
სოფელ კაცხთან, 78-ე კმ-ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება საყრდენი კედელი; კმ70 - კმ 82-ზე (ჭიათურა-სოფელი ჯოყოეთი) და კმ84 - კმ106 (სოფელი რკვია - ზესტაფონი) მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ხოლო კმ84-კმ107 მონაკვეთზე წარმოებს 16 დამეწყრილი უბნის (სოფელი დილიკაურის ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.