როდესაც მყისიერ საგადახდო სისტემას ლოკალურად დავნერგავთ - სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია - ნატალია ჭყოიძე
როდესაც მყისიერი საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურას ლოკალურად დავნერგავთ და გავმართავთ, სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია,- ამის შესახებ სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე - "რეგიონალური ციფრული საგადახდო ჰაბის ფუნქციის შეთავსება საქართველოსთვის რამდენად რეალური იქნება?" - ნატალია ჭყოიძემ უპასუხა, რომ არ არის გამორიცხული. მანვე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განხორციელებას, მათი ხელმისაწვდომობის ზრდას და შესრულების დაჩქარებას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - ნატალია ჭყოიძის ცნობით, რეფორმების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით არის დაგეგმილი. "მოკლე პერიოდში ჩვენ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობთ, რომელიც ეხება საგადახდო მომსახურების პირობების და ტარიფების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას. აღნიშნული მომხმარებელს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში გაეცნოს ყველა კომერციული ბანკის ტარიფებს და გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება. RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.