როდესაც ზიანი 1000 ლარს აღემატება, საქმე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს - როგორ ისჯება სატყეო ფონდში კანონდარღვევა
ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ოპერირებს და ტყის მართვის პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებთან კოორდინაციის გარეშე ვერ განხორციელდება ვერც ტყითსარგებლობა და ვერც აღდგენის ღონისძიებები.
„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სატყეო სააგენტო ძირითადად რეგიონებზეა ორიენტირებული და, პრაქტიკულად, აჭარის გარდა ყველა რეგიონში ოპერირებს. შესაბამისად, მათი ჩართულობისა და მუდმივი კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა იქნება ეს ტყითსარგებლობის პროცესი, ტყის აღდგენა თუ სხვა მიმართულება.
ამიტომ, რეგიონებში ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამის უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რასაც სააგენტო აქტიურად უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.
მისივე განმარტებით, უკანონო ქმედებების პრევენცია ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის პრიორიტეტულია, რადგან ტყისთვის მიყენებული ზიანის აღდგენას წლები სჭირდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის უმთავრესი პოტენციური სამართალდარღვევების პრევენციაა, ეს მიმართულება ჩვენთვის ამოსავალი პრინციპია. თითოეულ უკანონო ქმედებას აქვს სერიოზული უარყოფითი შედეგები და მისი აღდგენა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს, ამიტომ პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პრევენციის უზრუნველსაყოფად, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობაც. რაც შეეხება ჯარიმებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი 1000 ლარს აღემატება, საქმე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს და პროცესში შესაბამისი უწყებებიც ერთვებიან. შესაბამისად, სხვა უწყებებთან კოორდინაცია აქტიურად ხორციელდება.
ამ რეფორმის მიზანი არ არის მოსახლეობასთან კონფლიქტი ან დასჯაზე ორიენტირებული მიდგომა. პირიქით, მისი მთავარი ამოცანაა, რომ ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ტყითსარგებლობის პროცესი მდგრადად განვითარდეს. ტყითსარგებლობა ტრადიციული საქმიანობაა და არავის ეზღუდება, თუმცა აუცილებელია მისი განხორციელება კანონმდებლობისა და ეკოსისტემის საჭიროებების გათვალისწინებით.
საბოლოოდ, ეს რეფორმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიდგომები უზრუნველყოფს სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინტერესების ბალანსს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.
მისივე განმარტებით, საქართველოს ტყეების მთავარი ფუნქცია გარემოს დაცვა და კლიმატურ რისკებთან გამკლავებაა, ხოლო ტყითსარგებლობის წესები დიდწილად ტრადიციულ ცოდნას ეყრდნობა. დათა კობახიძე განმარტავს, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ისტორიულად გააჩნია ტყის მდგრადი გამოყენების გამოცდილება, რაც მოქმედ კანონმდებლობაშიც არის ასახული.
„საქართველოს ტყეების მთავარი ფუნქცია არის ეს გარემოსდაცვითი კუთხით, მათ შორის ამ კლიმატის ცვლილების ფონზე, კატასტროფების რისკების შემცირების კუთხით, აღმოსაფხვრელად. ტრადიციულად მოსახლეობას, მით უმეტეს რეგიონებში მცხოვრებლებს აქვთ ის ტრადიციული გამოცდილება, ტრადიციული ცოდნა, რომ მაგალითად მაღალი დახრილობის ფერდობზე არ უნდა მოიჭრას, როგორ უნდა მოხდეს ეს სარგებლობა და რეალურად კანონმდებლობა რაც არის, რეალურად ამ ტრადიციულ ცოდნაზეც არის დაფუძნებული და შესაბამისად ტრადიციულად როგორც მიმდინარეობდა მდგრადად სარგებლობა, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კანონმდებლობაში რაღაც განსაკუთრებული ისეთი შეზღუდვებია, რაც რეალობას არ შეესაბამება“, - აცხადებს დათა კობახიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
08.06.2026.14:46
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია შედიოდნენ, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვის ეტაპს დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა. როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაოები განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრები გაემართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და მათთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ემსჯელა. ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.