როდის გაუქმდება რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი
როდის გაუქმდება რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმი, საავტომობილო გზების დეპარტამენტში სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ.
როგორც Business Insider Georgia-ს განუცხადეს, ჯერ-ჯერობით რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივოდიდან გამომდინარე სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმში 8 აპრილიდან აღდგა.
კერძოდ, 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.
სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.
ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა, ხოლო 8 აპრილიდან სპეციალური რეჟიმით აღდგა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.