როგორია პროფსასწავლებლების სტატისტიკა ქვეყანაში და რა პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას
2022 წლის მდგომარეობით ქვეყანაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი 94 დაწესებულება ფუნქციონირებდა, საიდანაც 52 არის კერძო, ხოლო 42 საჯარო.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე (2019 წელი) მათი რაოდენობა 105 სასწავლებელს შეადგენდა. საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რაოდენობამ პიკს 2014 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 140 პროფსასწავლებელი ფუნქციონირებდა. თუმცა 2014 წლის შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა.
რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობას, 2022 წლის სტატისტიკით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობამ 14 103 სტუდენტი შეადგინა, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობამ კი 7 605.
ირკვევა, რომ 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლისთვის სტუდენტების უმრავლესობამ ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა აირჩიო, ხოლო მეორე ადგილზეა მომსახურებების სფერო.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით თბილისი პირველია (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.