როგორია სემეკის ელექტროენერგიის ახალი ტარიფები - დეტალები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის (საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი) - საშუალოდ 4-6 თეთრით.
ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.
შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)
საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):
10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;
0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 24.053 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):
110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 31.976 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“
საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):
10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ;
0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხვორებო ტარიფი (კომერციული სექტორი):
110–35 კვ. _ 30.322 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.
ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციებიც მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.
ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად - მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს.
სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.
სს „თელასის“ მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. ქ. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.
ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.
ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ სხვადასხვა ენერგოპროექტები. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან აგვეცილებინა კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.
მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
სხვა სიახლეები
ტარიფების დადგენისას ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება - გიორგი ფანგანი
28.10.2026.16:43
ტარიფების დადგენისას ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, - ამის შესახებ, სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა.
„კანონპროექტი რომელიც ინიცირებულია პარლამენტში დავიწყებ იქედან რომ მისი ერთი ნაწილი არის უბრალოდ მოქმედი ნორმის გაგრძელება ეს ეხება სასმელი წყლის და წყალარინების ტარიფებს რომელიც გულისხმობს რომ კომისიას აქვს უფლება ჯვარედინი სუბსიდირება გამოიყენოს ტარიფის დადგენის დროს იმისი ვადა გრძელდება რადგანაც არსებული ტარიფები წყალმომარაგების სექტორში უკვე დადგენილია იმ სახით რომ ძირითადად კომერციულ ტარიფზე არის ტვირთი გადატანილი. შესაბამისად 2026 წლის დეკემბერში ამ ნორმას ვადა გასდის და ვადა უგრძელდება ამ ნორმას. მეორე ნაწილი რაც არის ეს არის უკვე უშუალოდ იმის უფლებამოსილება კომისიის დელეგირება რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფების დადგენა მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვიცი უკვე უნდა დამტკიცდეს ეს კანონი და შევა ძალაში ამის შემდეგ რა თქმა უნდა უკვე მოხდება კანონიდან გამომდინარე გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში კონკრეტულად ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში და და შემდეგ უკვე გამოისახება რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე წყალმომარაგების სექტორში.
თუ კანონი იქნა მიღებული, არ მაქვს ინფორმაცია არის თუ არა დამტკიცებული კანონი რა თქმა უნდა ამ კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ზუსტად იმ საფუძვლებით რაც მათ შორის კანონის განმარტებით ბარათს ახლავს და უკვე ახალი მეთოდოლოგიით, ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება ტარიფები ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რადგანაც მათ ტარიფებს ვადა გასდით ზუსტად მიმდინარე წლის დეკემბერში.
ახლა მიდის აქტიური მუშაობა უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით მიდის როგორც მარგველებელი აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის.
გაზის შემთხვევაში იყო ტარიფები დადგენილი რამოდენიმე ტიპის ხოლო ჩვენს შემთხვევაში ახლა რაზც ვსაუბრობთ ვადა გასდის 2026 წელს.
საერთოდ არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი რომ ავიღოთ მსოფლიო პრაქტიკა მაგალითისთვის გეტყვით დღე-ღამური ტარიფი არსებობს ძალიან აპრობირებული არის იგივე დასავლეთში, არსებობს ფიქსირებული ტარიფები, არის მომხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას ამას უწოდებენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს საქართველოში რაც გვაქვს, გვაქვს ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი ეს არის ელექტროენერგეტიკაში მოგეხსენებათ რომ სამი საფეხურია რომელიც ყოველთვე ანგარიშდება. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველი მომდევნო თვიდან იწყებთ ახალ ათვლას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების ტარიფებს ჩვენ მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება უკვე იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე სცენარი რომლითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები რა თქმა უნდა ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ენერგიის დაზოგვის საშუალებას. ერთ ციფრს მოგიყვანთ უბრალოდ საქართველოში საშუალოდ დღეს მოხმარება ერთ მომხმარებელზე გვაქვს 192 კუბური მეტრი როდესაც ევროპაში, დასავლეთ ევროპაში არის 140 კუბური მეტრი ანუ ამას საქართველოში უყაირათო მომხმარება ჰქვია. აი ბევრი მომენტი არის. ეხლა ამ ეტაპზე ძალიან რთულია რამეზე საუბარი, რადგანაც ჯერ კიდევ არ არის მეთოდოლოგია, ვერც იქნებოდა სანამ კანონი არ იქნება მიღებული. მეთოდოლოგიაში უკვე გვაქვს რამოდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ რა თქმა უნდა პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.