რომელი თემატური პორტალების ადაპტირება მოახდინა საქსტატმა შშმ პირებზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ხუთი თემატური ინტერაქტიული პორტალის - CPI კალკულატორი, პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, გადასახადების კალკულატორი, დემოგრაფიული პორტალი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) პორტალი ადაპტირება მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
თემატურის პორტალების შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვერსია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინტერაქტიული პორტალების ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველ პირებზე. მას დაემატა როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების ფუნქცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. შშმ პირებზე ადაპტირებული პორტალები სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მომხმარებლების თანაბარ წვდომას ინფორმაციაზე, გაზრდის მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ინტერაქტიული პორტალები შშმ პირებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად ჩართულობისა და მონაწილეობის სრულფასოვან შესაძლებლობას მისცემს. საქსტატმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გააფართოვა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა წრე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების გამოყენებით და ინოვაციური სერვისების შეთავაზებით.
თუმცა, თემატური პორტალების ადაპტირება შშმ პირებზე და საზოგადოების ყველა წევრისთვის ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უზრუნველოფა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონალით შშმ პირებზე ადაპტირებულ თემატურ ინტერაქტიულ პორტალებს ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკურ სამსახურებს შორის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.