რთულია ამ მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავება, თუმცა, ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ნელ-ნელა წინ მივიწევთ - ნინო გიორგობიანი
ხელისუფლების ვალდებულებაა ნებისმიერ შემთხვევაზე დროული რეაგირება და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
გიორგობიანის განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია, რამდენიმე დღის წინ პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილმა იცრუა და სამაშველო ვერტმფრენები ხელისუფლებას არ შეუძენია
„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა შოვში, სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმდენად შოკისმომგვრელია პირადად ჩემთვისაც... ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ხელისუფლების ვალდებულებაა ნებისმიერ შემთხვევაზე დროული რეაგირება და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - მთავრობის ყველა უწყება ამ წუთამდე აქტიურად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ადგილზე კოორდინირებულად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, სამხედროები, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა თუ სხვა უწყებების თანამშრომლები. ძალიან რთულია ამ მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავება, თუმცა, ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ნელ-ნელა წინ მივიწევთ.
ამ მძიმე დღეებში, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად უმძიმეს დღეებს გავდივართ, როდესაც დღე და ღამე შოვში სტიქიის სალიკვიდაციო ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად, სამწუხაროდ, არაერთ ცრუ ინფორმაციაზე რეაგირების მოხდენა გვიწევს, რომლებსაც სტიქიის პირველი საათებიდან მოყოლებული სხვადასხვა მხრიდან და არაერთს ვისმენთ.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია, რამდენიმე დღის წინ პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილმა იცრუა და სამაშველო ვერტმფრენები ხელისუფლებას არ შეუძენია... ამის შესახებ უკვე რამდენიმეჯერ გაკეთდა განმარტება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შსს-ს 3 ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და მოლაპარაკებაც დასრულებულია. ამას რომ თავი დავანებოთ, მოსახლეობამ იხილა, რომ სტიქიის ადგილზე ვერტმფრენები პირველივე საათებიდან აქტიურად, თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ ყველაფერი გააკეთეს ადგილიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანია გადარჩენილი! ამ სიტუაციაში კი, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენი იფრენდა, თუ რომელიმე სხვა...
აქვე, მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე ტყუილს, რომელიც ეს 2 დღეა აქტიურად ვრცელდება და ასევე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება:
• დეზინფორმაციაა, თითქოს, სტიქიის ზონაში მხოლოდ ჩვენი, ხელისუფლების პერიოდში აგებული კოტეჯები განადგურდა, საბჭოთა დროს ნაგებობებმა კი ღვარცოფს გაუძლო.
ოფიციალურმა პირებმა დღეს უკვე განმარტეს, რომ შოვში მდებარე კოტეჯების აბსოლუტური უმრავლესობა და ამის გარდა სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა არის გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დროს გაშენებული.
• მოვისმინეთ ტყუილიც, თითქოს ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა წყალი, რაც ასევე სიცრუეა და მსგავს შეგუბებებს სტიქიამდე, წინმსწრებად ადგილი არ ჰქონია...და რომ ხეობაში ადგილი ჰქონდა ძალიან მყისიერი ბუნებრივი მოვლენის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ასეთი უპრეცენდენტო მასშტაბის სტიქია გამოიწვია, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო.
სპეციალისტებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ამ სტიქიის პრევენცია შეუძლებელი იყო!
• აბსურდული ბრალდებები, რაც ასევე გავრცელდა, უკავშირდება რაჭიდან, ვითომ, ხე-ტყის უკანონო ჭრას, რამაც თითქოს პროვოცირება გაუკეთა ღვარცოფული მოვლენის განვითარებას... ტყუილია ესეც! სპეციალისტებმა ახსნეს, რომ შოვის მიმდებარე ხეობები და მწვერვალები, ხშირ შემთხვევაში, იმდენად მიუვალია, რომ ადგილზე 3 ხიდიანი მანქანებიც ვერ გადაადგილდებიან. ამასთან, აქ ტყის ყოველწლიური ნამატი აჭარბებს მოსაჭრელად გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს.
ძალიან მალე სპეციალისტები დადებენ კვალიფიციურ დასკვნას და ცხადია, ეს უნდა გახდეს მსჯელობისა და ანალიზის საგანი, შესაბამისად, ბევრ კითხვას პროფესიონალები გასცემენ პასუხს.
თუმცა, მანამდე ალბათ, ამ უპრეცენდენტო სტიქიასთან გამკლავების პარალელურად, ასეთ ცრუ ბრალდებებზე პასუხების გაცემა, სამწუხაროდ, ალბათ კიდევ მოგვიწევს...
არადა, ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს - ამ ძნელ წუთებში მაინც“, - წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.