რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენი არის გადამუშავებული.
გადამუშავებული ყურძნიდან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 20 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.
მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს:
კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარით განისაზღვრა. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა ფასი 1,00 ლარი იქნება, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.
რქაწითლის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
სხვა სიახლეები
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის პანელურ დისკუსიაში
23.09.2026.12:45
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით “კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრების შექმნა წამახალისებელი რეგულირების საშუალებით”.
დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს პოტენციალის, სამომავლო გეგმების, განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტებისა და ამ კუთხით სემეკის როლისა და რეგულაციების შესახებ.
დავით ნარმანიასთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს იაპონიის ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრის ზედამხედველობის კომისიის (EGC) თავმჯდომარე აკიჰიკო იოკოიამამ, ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის თავმჯდომარე (AEMC) ანა კოლიერმა, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის ფედერალური კომისიის წევრმა ლინდსი სიმ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).