რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 2,7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთის მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესის კოორდინაცია. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
სხვა სიახლეები
დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს
10.09.2026.10:55
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს:
“10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს გილოცავთ ყველა ენერგეტიკოსსა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. ეს დღე მინდა მივულოცო სექტორის გულშემატკივრებსაც, რომლებიც სხვა სფეროებიდან აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნის ნათელი მომავლისათვის.
ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის ფუნდამენტურ საფუძველს. სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებზე, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია უზრუნველყოფს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების დანერგვას, სისტემის საიმედოობასა და გრძელვადიან მდგრადობას. ჩემი, როგორც სემეკის თავმჯდომარის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სტაბილური განვითარება, ეფექტიანი რეგულაციის მექანიზმების შექმნა და საინვესტიციო გარემოს წახალისება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს სექტორს განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალგაზრდა თაობის, ახალბედა ენერგეტიკოსების პროფესიული განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით შექმნილი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, დღიდან დაარსებისა ახორციელებს სასწავლო კურსებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს, უზრუნველყოფს მოქმედი თუ მომავალი ენერგეტიკოსების ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას.
ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს ძირითადი მიზანი გვაერთიანებს - ეს ენერგეტიკის სექტორის წარმატებებია, რაც დარგში დასაქმებული თითოეული პროფესიონალის ნაყოფიერი საქმინობის შედეგად არის შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ენერგეტიკის სექტორის საუკეთესო მომავლისათვის”.