რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედაქალაქისთვის. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირი მხოლოდ თბილისის მთავარი გამზირი არ არის და ის ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ზურაბ აბაშიძის თქმით, სწორედ ამიტომ მისი განახლება განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მაღალი სტანდარტებით ხორციელდება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა; შეიცვლება წყალმომარაგების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები და დამონტაჟდება თანამედროვე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კომპანიის მიერ 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტები. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარები, გარე განათება, გამწვანება, მოეწყობა თანამედროვე მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები და სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოები დროებით გარკვეულ დისკომფორტს შექმნის როგორც თბილისელების, ისე დედაქალაქის სტუმრებისთვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომლის შედეგსაც ჩვენი ქალაქი ათწლეულების განმავლობაში მიიღებს. რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).