რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება l კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ კიკნაძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს.
ფაქტის გამოვლენისთანავე, აღნიშნულ არეალში თბილისის მერიის მიერ დაუყოვნებლივ შეჩერდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკითხის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მათივე რეკომენდაციის საფუძველზე, ისტორიული ძეგლის შესწავლის მიზნით, არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა.
„რუსთაველის გამზირის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რა დროსაც ადგილზე არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მაშინვე შევაჩერეთ რეაბილიტაცია და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. საუბარია X-XI საუკუნეების აღმოჩენებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დაველოდებით შესაბამისი სამუშაოების დასრულებას. სხვა მონაკვეთებს რაც შეეხება, გამზირზე პირველი, რაც კეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაა იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ ათეულობით წელს გაუძლოს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. არქეოლოგიური აღმოჩენის გამო მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული სამუშაოები, თუმცა ძალიან სწრაფად მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება. თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, მომართვა არ გვქონია. გამზირზე ფეხით გადაადგილება არ არის შეზღუდული, თუმცა თუ ბიზნესსექტორს აქვს შეხვედრის სურვილი, მზად ვართ, შევხვდეთ. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კვლევით სამუშაოებს პროფესორი და არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგები ახორციელებენ. სპეციალისტები აღმოჩენილ არტეფაქტებს შეისწავლიან, კვლევების დასრულების შემდეგ კი, მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება.
ისტორიული ადგილი, რომელიც თავის დროზე ე.წ. აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა, ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ქალაქის შუა საუკუნეების ცხოვრების, ხელოსნობისა და ურბანული განვითარების შესახებ არსებული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.
ადგილზე ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება
29.10.2026.14:36
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები შესრულდება ორ ლოკაციაზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ.
„მინდა, ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება. სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი.
ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყოუსაფრთხო. დღესაც გვაქვს ასეთ პრობლემური ადგილები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები ითვალისწინებს ორივე მონაკვეთში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას, ამასთანავე, განახლდება არსებული მოაჯირები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
მერის ინფორმაციითვე, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს, სამუშაოების შესრულების ვადად კი ექვსი თვეა განსაზღვრული.