რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება - კახა კალაძე
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის დროს თანმხლები შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განმარტა, რომ გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია- განახლება მომავალ წელს იგეგმება.
„ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული საკითხები პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს
29.10.2026.13:13
ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული საკითხები პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
საბჭომ კონცეფციის ტექსტისთვის რეკომენდაციები მოამზადა, რომლის მიხედვითაც კონცეფციის საბოლოო რედაქცია შემუშავდება. განახლებული დოკუმენტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს კულტურის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში წარედგინება.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, როგორც ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის წარმმართველი, პროცესში ჩართული მხარეების პოზიციების შეჯერებისა და დაგეგმვის დოკუმენტის შემდგომი სრულყოფის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
პროცესის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ისეთი სივრცითი დაგეგმვის საფუძვლის შექმნა, რომელიც მცხეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვასა და ქალაქის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.