რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება - კახა კალაძე
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შედეგად, საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მისი რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება, არამედ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ადაპტირებულ გამზირზე საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს უსაფრთხოდ გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.
„აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე და ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებს, მათაც დიდი მანძილის შემოვლა უწევდათ. ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია - ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებითაც უნდა იზომებოდეს - რამდენად კომფორტულია ქალაქი ბავშვისთვის, ხანდაზმულისთვის, მშობლისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის და, ზოგადად, თითოეული მოქალაქისთვის. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს მოთმინებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„კარგად გვესმის რამდენად დიდი დისკომფორტი ახლავს ამ ტიპის სამუშაოებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, იყო დიდი დისკომფორტი. ამ თვეების განმავლობაში გამზირის ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება ხმაურში, მტვერში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ, როგორც დედაქალაქის მერმა, როგორც ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, ყველანაირად მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მანვე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ყველა პროექტი განხორციელდება.
„გვინდა, რუსთაველი იყოს არა მხოლოდ გამზირი, რომელსაც ყოველდღიურად გავივლით, არამედ ადგილი, სადაც სიამოვნებით გავისეირნებთ, შევხვდებით მეგობრებს, გავატარებთ დროს შვილებთან ერთად და კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს. რუსთაველი თავისი ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის გამორჩეული იყო და ასეთად უნდა დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც. განახლებული რუსთაველის გამზირი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება თბილისელებს, უბრუნდება თითოეულ მოქალაქეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლებას ამით არ ვასრულებთ. დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩა და გამზირი მოვაწესრიგოთ, მარგამ იმასაც ვითვალისწინებთ, მსგავსი ტიპის სამუშაოები რამხელა სატრანსპორტო შეფერხებებს იწვევს. სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ქალაქი აუცილებელად იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.