რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება - რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.
სამუშაოების საწყის ეტაპს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად გაეცნო.
„დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე ჩაიკეტა გამზირის ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩა. სარეაბილიტაციო ობიექტი დაყოფილია რამდენიმე ლოტად. იმის გათვალისწინებით, რომ ვადები მაქსიმალურად შემჭიდროვებულია და პროექტი ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, საჭიროა, სამუშაოები ჩატარდეს სრულ გამზირზე ერთდროულად, 24 საათის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები შეიცვლება ძირეულად, მოეწყობა გამწვანების დამატებითი თარგები, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა თანამედროვე ურნები, ტრანსპორტის მოძრაობა კი გადაერთვება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში იწარმოებს, მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ამ ვადაში დასრულება შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.
პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონამდე ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
23.07.2026.11:12
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შეხვედრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვემო ბოდბესა და ნუკრიანში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი დაცვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნებართვების, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მაკა გოდერძიშვილი ესაუბრა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რამაზ მამულაშვილი, კომპანიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და სოფელ ბოდბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ალექსანდრე კოჭლამაზიშვილი.
შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასმელი წყლის რესურსების მნიშვნელობის, მათი დაცვის აუცილებლობისა და წყლის დაზოგვის პრაქტიკული გზების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყლის პასუხისმგებლიან მოხმარებასა და თითოეული მოქალაქის როლზე წყლის რესურსების შენარჩუნების პროცესში.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაესვა და კომპანიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიეღო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში სასმელი წყლის სარწყავი მიზნებისთვის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ქსელზე დატვირთვას, რის გამოც ცალკეულ დასახლებებში მცირდება სისტემის დებიტი და ფერხდება სასმელი წყლის მიწოდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასმელი წყლის დანიშნულებისამებრ გამოყენება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში წყლის დაზოგვის კულტურის გაძლიერება და სასმელი წყლის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.