რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ - განათლების სამინისტრო
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.
კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი:
* 09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;
* 12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;
* დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:
* 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;
* 14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;
* დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხებზე კონტრაქტორ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
05.11.2026.13:21
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიების მზადყოფნა განიხილეს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გრიგალავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული გამოწვევები და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიაწოდეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის, ქვიშა-მარილის მარაგების შექმნის, სპეციალური ტექნიკის მომზადებისა და საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ.
შეხვედრაზე განისაზღვრა შესაბამისი დავალებები და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რათა ზამთრის სეზონზე, მათ შორის, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.