S&P-მ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მმართველი კომპანიის Georgia Global Utilities-ის რეიტინგი 'BB' დონემდე გააუმჯობესა
საქართველოში არსებული წყალმომარაგებისა და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი ჰოლდინგ-კომპანია GGU-ს საკრედიტო რეიტინგი S&P-მ „BB“ დონემდე გააუმჯობესა.
„Georgia Global Utilities-ის (GGU) ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) თანაფარდობა ვალთან ბოლო სამი წლის განმავლობაში 20%-ზე მაღლა ნარჩუნდებოდა, რაც მხარდაჭერილი იყო მესამე მარეგულირებელი პერიოდის ტარიფების ზრდით, რომელმაც შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გაზარდა.
ჩვენ ველით, რომ FFO/ვალი მიმდინარე მარეგულირებელი პერიოდის დარჩენილ წელსაც დაახლოებით 20%-ის დონეზე შენარჩუნდება და 2027 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად 20%-ზე მაღლა იქნება, რაც განპირობებული იქნება როგორც რეგულირებადი წყლის ბიზნესიდან, ასევე არარეგულირებადი ელექტროენერგიის ბიზნესიდან გაზრდილი შემოსავლებით. ამ მიზეზით, ჩვენ გავზარდეთ Georgia Global Utilities JSC-ის გრძელვადიანი ემიტენტის საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონიდან „BB“-მდე და იგივე ცვლილება მივანიჭეთ მის მოქმედ ობლიგაციებს” - წერს S&P.
S&P ელის 2027-2029 წლებში საბაზო სცენარით კომპანიის შემოსავლების ზრდას (როგორც რეგულირებადი წყლის, ისე არარეგულირებადი ელექტროენერგიის ბიზნესებიდან), რაც შემოსავლების მოცულობას დაახლოებით 380–410 მილიონ ლარამდე გაზრდის.
ცნობისთვის, Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ფლობს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით: თეთრიხევიჰესს, ბოდორნაჰესს, საგურამოჰესსა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტორსადგურებს შორის.
2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
05.10.2026.14:29
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.