საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უფროსი თაობის ადამიანების გამოცდილების, რეკომენდაციების და მოსაზრებების მოსმენას სარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სწორედ ამ მნიშვნელობისა და პატივისცემის ხაზგასმა, ასევე ხანდაზმული ამომრჩევლების ინფორმირებულობა, საარჩევნო პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და სერვისების გაცნობა იყო იმ ღონისძიებების მიზანი, რომლებიც დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩაატარა.
ამ დღის აღსანიშნავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს პრესსპიკერ ნათია იოსელიანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისს“ ეწვია და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილი ორგანიზაციის ბენეფიციარებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება.
გარდა ამისა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი თბილისში და სოფელ წეროვანში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩევლებს, 97 წლის თინა გიორგობიანს და 101 წლის ლევან ჯაშს ეწვივნენ, მათ ეს დღე მიულოცეს და პატივისცემის ნიშნად, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სამახსოვრო დოკუმენტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. წეროვანში ლევან ჯაშთან გამართულ შეხვედრას მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილიც ესწრებოდა.
ამასთანავე, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, 100 წლის თამარ გორჯელაძეს ესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თამარ გორჯელაძეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, სამახსოვრო სიგელი გადასცეს. ასევე გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი სიახლეები და ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები.
ამომრჩეველთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან ურთიერთობა და მათ აქტიურ ჩართულობაზე ზრუნვა იყო და რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
01.10.2026.17:08
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პედაგოგის პროფესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლოა და ისინი თავიანთი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს თქვენთან შეხვედრა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა შრომას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი პროფესია გამორჩეულად საჭირო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი არამხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მრავალწლიან შრომას უდიდესი წვლილი მიუძღვის არაერთი თაობის მომავალში.
როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს მთაწმინდის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს ვხვდები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიის ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებას უძღვნით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში ფარგლებში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18 პედაგოგი დააჯილდოვეს. ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.