საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას
თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობებით დაცვით შეძლებს.
„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს. კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.
„საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება. იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე. დედაქალაქის მერმა ზოგადად სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც გეგმაზომიერად მიგვიყვანს მიზნამდე.
„სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ, ბევრი მიმართულებისგან შედგება, თუმცა პრიორიტეტული მიმართულებებია ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება და სწრაფი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნებისმიერი მოქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ქალაქის ერთიდან მეორე ადგილზე გადაადგილება უნდა იყოს სწრაფად შესაძლებელი. ამ კონცეფციის დანერგვისთვის არაერთი კვლევა ჩატარდა, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სქემები შემუშავდა, განახლდა მუნიციპალური ავტობუსების პარკი, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლებულია, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას. დეკემბერში 50 ერთეული უკვე თბილისში იქნება. გარკვეული ნაწილი უკვე აქ არის და იანვრიდან უკვე მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას. გარდა ამისა, იცით, რომ მთლიანად შეცვლილია მიკროავტობუსები, ასევე, რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ ვაპირებთ 212 ვაგონის შესყიდვას, ქუჩები ეწყობა ახალი დიზაინით, დაიხაზა და კიდევ ემატება ავტობუსის ზოლები, ეწყობა ზებრა გადასასვლელები, ქვეითებზე მორგებული შუქნიშნები და ა.შ. ამავე რეფორმის ნაწილი იყო ტაქსების A და B კატეგორიებად რეგისტრაცია და კონკრეტულად 10 წლამდე ტაქსების ავტობუსის ზოლში დაშვების გადაწყვეტილება, რაც ერთგვარად ასტიმულირებს ტაქსის სერვისში ძველი ავტომანქანების ახლით ჩანაცვლებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი ძალისხმევაა ქალაქში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ეს არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და მისი ყოველი მომდევნო ეტაპი გეგმაზომიერად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.