ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშნული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, ისე ქვეყნის საგზაო ქსელის მდგრადობითა და უსაფრთხოებით. შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ფუნქციაზე არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ფასიანი გზების შემოღების წინაპირობა.
ამასთან, მივიჩნევთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან თემას ეხება, თუმცა არასწორია. საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და არსებული ქსელის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით, შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიციაც გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
10.06.2026.15:42
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის" შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.
„ორივე მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული შეთანხმება უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთვის, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის ფარგლებში დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. შეთანხმებაში მსოფლიო ბანკთან ერთად მონაწილეობენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.