საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,მიუხედავად ბოლო დღეებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული დეტალური ინფორმაციისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედია საშუალებები, აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით.
როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მედიის წარმომადგენლები არ ერიდებიან საზოგადოებისთვის ტყუილზე, ფაქტობრივ უზუსტობებსა და დამახინჯებულ გარემოებებზე აგებული ინფორმაციის მიწოდებას, რითაც სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომპანიების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას ისახავენ მიზნად.
პირველ ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ტყუილია თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სიცრუეა ისიც, თითქოს დღემდე უცნობია როდის დასრულდება პროექტი. რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო. ამასთან, საზოგადოებას მუდმივად აქვს ინფორმაცია პროექტზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უკვე სარგებლობს კიდეც გზის ახალი მონაკვეთებით.
ასევე, კორუფციული ფაქტების არსებობაში მოსახლეობის დარწმუნების მიზნით, გრძელდება სრულიად დაუსაბუთებელი და ცარიელი ბრალდებების ტირაჟირება. ვერ სახელდება ვერცერთი ფაქტი და რეალური ინფორმაციის დამალვისა თუ დამახინჯების ხარჯზე, აქაც მრუდე რეალობის შეთავაზება ხდება მაყურებლისთვის.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით. უშუალოდ ტენდერები ჩატარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობით. ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით. შესაბამისად, კორუფციაში სახელმწიფო უწყებების აბსურდული დადანაშაულება ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას.
რაც შეეხება სამუშაოების წარმოების სიახლოვეს არსებული სოფლების მოსახლეობის პრეტენზიებს:
სოფელ ფუთში სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის საზედამხედველო კომპანიამ ჩაატარა სოფელში მდებარე ყველა შენობის წინასწარი კვლევა, მონიშნა ყველა ნაგებობის ბზარი და მიმდინარე აფეთქებების ვიბრაციაზე ახორციელებდა მუდმივ მონიტორინგს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის მიერ, უახლესი აპარატურით გადამოწმდა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ვიბრაცია გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირეებულა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერაც. არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა პროექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.
რაც შეეხება მე-4 გვირაბს, მის თავზე არ არის არცერთი სახლი. გვირაბიდან 250 მეტრში არსებული ყველა სახლი მონიშნულია და ვიბრაციის გადაჭარბება არ ფიქსირდება. თებერვალში, გვირაბის თაღსა და გრუნტს შორის არსებული მცირე მანძილისა და დიდთოვლობის გამო, ჩაიშალა მიწის მცირე მონაკვეთი, რომელიც არ იყო არავის კერძო საკუთრებაში. ყველა სახლზე არსებული ბზარი ამჟამად მონიშნულია და მიმდინარეობს მონიტორინგი. პირველადი დაკვირვებით, ბზარებზე ცვლილებები არ შეინიშნება. ამასთან, ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამზადებს შესაბამის დასკვნას.
მე-5 გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მიმდებარე სამმა მოსახლემ მოითხოვა ქონების გამოსყიდვა. მათ სარჩელიც წარადგინეს ზესტაფონის სასამართლოში. თუმცა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან თითოეულის საცხოვრებელი სახლი დაშორებულია მაგისტრალის სავალი ნაწილიდან, სახლების ტექნიკური მდგომარეობა უცვლელია და მათზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა არ დგინდება. რაც შეეხება მე-5 გვირაბის სამშენებლო მოედანთან აშენებული ბეტონის ქარხანას, 2021 წლიდან იგი აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსახლეობის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
სატელევიზიო სიუჟეტში არასწორი და არასრული ინფორმაცია გავრცელდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთთან დაკავშირებითაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება საგზაო დეპარტამენტსა და Akkord Industry Construction Investment Corporation OJSC-ს შორის 2021 წლის 3 ნოემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ამოქმედდა ავანსისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 13 641 529 ლარი. სამუშაოების დასრულების მიზნით, ორჯერ ხელახლა გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მაისში გამოცხადდება მორიგი ხელახალი ტენდერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ინფორმაცია, გავრცელებამდე, გადაამოწმონ პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან და დამახინჯებული ფაქტებით გაჯერებული მონაცემებით, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.