საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის „კინოლოგიის სამმართველოს“ სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი ძაღლის მიერ გამოვლენილი მანიშნებელი/საეჭვო რეაქციის საფუძველზე, შეაჩერეს მგზავრი. სამართალდამრღვევი მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სამგზავრო ზურგჩანთის დეტალური დათვალიერების შედეგად, თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი.
საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენას სპეციალურად გაწვრთნილი 36 ძაღლი ახორციელებს.
სხვა სიახლეები
პოპულარულმა პოლონურმა გამოცემამ Onet Podróże ბათუმზე სტატია გამოაქვეყნა
24.08.2026.18:08
პოლონეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამოგზაურო ონლაინგამოცემამ Onet Podróże აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მკითხველს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, ეკოტურისტულ მიმართულებებსა და ბათუმში აქტიური დასვენების შესაძლებლოებს აცნობენ. გამოცემის შეფასებით, სანაპიროდან მცირე მანძილზე გადაადგილებაც საკმარისია, რომ მოგზაურმა სრულიად განსხვავებული აჭარა აღმოაჩინოს — მთებით, ჩანჩქერებით, ტყეებით, პანორამული ხედებითა და სალაშქრო მარშრუტებით.
„ერთი მხრივ, აჭარა გვთავაზობს ბათუმს - თანამედროვე ზღვისპირა ქალაქს ბულვარით, პლაჟებით, რესტორნებითა და შავი ზღვის კურორტისთვის დამახასიათებელი ენერგიით. მეორე მხრივ, ცენტრიდან მოკლე მანძილზე გასვლაც საკმარისია, რომ ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალოს: ჩნდება მწვანე ხეობები, მთის გზები, ჩანჩქერები, სუბტროპიკული ტყეები და სოფლები, სადაც ცხოვრების რიტმს ბუნება, სტუმართმოყვარეობა და ადგილობრივი ტრადიციები განსაზღვრავს“ ნათქვამია სტატიაში.
Onet Podróże განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეგიონის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე და მკითხველს აცნობს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეტანილ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, მტირალას, მაჭახელასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ასევე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც ეკოტურიზმისა და ლაშქრობისთვის გამორჩეულ ადგილებს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ბათუმი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მიმართულება მათთვის, ვისაც პლაჟზე დასვენება სურს, არამედ კომფორტული საწყისი წერტილი ლაშქრობისთვის, ფრინველებზე დაკვირვებისთვის, ეროვნული პარკების აღმოჩენისა და ადრენალინით სავსე აქტივობების გამოცდისთვის.“
გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს ბათუმის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების უნიკალურ შესაძლებლობებზე და აჭარის სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებზე, მათ შორის ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინზე, რომელიც ევროპაში ყველაზე გრძელ ორმაგ ზიპლაინად არის მიჩნეული.
სტატიის დასასრულს Onet Podróże წერს: „ბათუმი მოგზაურობის დასასრული კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილისკენ მიმავალი კარიბჭეა.“
Onet Podróże პოლონეთის უმსხვილესი მედია პლატფორმის Onet-ის სამოგზაურო გამოცემაა და ყოველთვიურად დაახლოებით 5–6 მილიონ უნიკალურ მკითხველს აერთიანებს. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო მედიის მხრიდან ბათუმისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაშუქება რეგიონის პოპულარიზაციისა და პოლონეთის ბაზარზე ცნობადობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.