საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და მედიკამენტების მალულად გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ - სამძებრო და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს.
დადგინდა, რომ ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით, ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი. უფლებამოსილი პირების მიერ, რისკის შეფასების/ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების შეჩერება და ერთ-ერთი მათგანის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 100 000 კოლოფი სიგარეტი ,,MILANO" და 1 114 ცალი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო მედიკამენტი.
დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 575 000 ლარი შეადგინა, ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1 060 000 ლარზე მეტი შეადგინა.
გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.