საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა, - ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.
„ცვლილებები დაიგეგმა იმისთვის, რომ ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება, რათა მძღოლებმა გადაადგილებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით.
მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით. ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი რჩება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება. გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ
30.07.2026.18:07
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და ჰაბის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირების და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს.
ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს.
TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი კი 12-18 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს.
ქუთაისის ტექნოლოგიური ქალაქი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას. თანამედროვე ლაბორატორიები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო პროგრამები, სტარტაპების განვითარების სივრცეები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად და ინოვაციურ ბიზნესებად გარდაიქმნება.