საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 12 დეკემბერს დაიწყო და 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება,
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეათე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 171 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12 827 ჰა. მათ შორის, ასპინძა - 3, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 25, ბორჯომი - 11, დმანისი - 29, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 21, საგარეჯო - 3, თელავი - 3, სიღნაღი - 6, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 5, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, თიანეთი - 1, გორი - 4, კასპი - 1, ქარელი - 2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა - 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3.
პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 9 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 44 040 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 14 225 ჰექტარი საძოვარი.
საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
საძოვრების შესახებ მონაცემები იხილეთ
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.