საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებულის კუთვნილი მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
29.09.2026.11:07
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფინანსო, ვაჭრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
ხაზი გაესვა საქართველოს ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და ფისკალური დისციპლინის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ასევე, საუბარი შეეხო დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლს.
ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
დასასრულს, მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.