საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში 2 528 020 ლარის ღირებულების 28 486 მ2 ფართობის 4 მიწის ნაკვეთი.
ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 2 507 736 ლარის ღირებულების, 32 483 კვ.მ. ფართობის 5 მიწის ნაკვეთის მოტყუებით რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თაღლითითურად მისაკუთრებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.