„საგანმანათლებლო სივრცის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელშეწყობით, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების, რისკების ცენტრალიზებული მართვის, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
სამუშაო შეხვედრაზე ფინანსური ბაზრების აქტივებისა და რეზერვების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, საბაზრო და საკრედიტო რისკების მართვა, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტისთვის აუცილებელი სისტემები, პროცესები და პრაქტიკული ასპექტები, ასევე, კიბერრისკების მართვის ჩარჩო.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ.
„მოხარული ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს გავუზიაროთ და მომავალშიც ჩვენს უცხოელ კოლეგებს აქტიურად გავუწიოთ ტექნიკური დახმარება და კონსულტაცია. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ შორის არსებულ მრავალწლიან, მზარდ და მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.
ეს არის მორიგი სასწავლო შეხვედრა ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 2024 წელს კი გაიმართა სემინარი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
ბათუმში მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალ „გემოფესტზე“ ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი იმყოფებოდნენ
06.09.2026.21:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, "გემოფესტზე" იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერა, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებს.
ფესტივალში 20-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.
"გემოფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში.