საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს - რევაზ სოხაძე
„ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელზეც საგარანტიო პერიოდი მოქმედებს, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. გამოვლენილ ხარვეზებზე ჩვენი რეაგირება იქნება მკაცრი — კონტრაქტორი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში ყველა ასეთი ხარვეზი საკუთარი ხარჯით გამოასწოროს. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზეც“, — ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ სამინისტროს მიდგომა უცვლელია და ყველა ხარვეზზე, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობისას ან პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ — ამ საკითხში უკომპრომისოები ვართ. თუ ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორს ეძლევა შესაბამისი მითითება და მისი გამოსწორება ხდება კონტრაქტორის ხარჯით. სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზეც სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების სრულფასოვნად შესასრულებლად გზაზე მოძრაობა ოთხი დღით დროებით იზღუდება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ანალოგიური მონიტორინგი მიმდინარეობს სხვა საგარანტიო პერიოდში მყოფ საგზაო პროექტებზეც. მათ შორის, გარკვეული ხარვეზებია გამოვლენილი საგარეჯოს მიმართულებით გახსნილ ავტომაგისტრალზეც, რის შესახებაც კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიეცა შესაბამისი მითითება და მათი გამოსწორება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„საგარანტიო პერიოდის არსიც სწორედ ის არის, რომ ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება კონტრაქტორს ეკისრება და ამისთვის სახელმწიფო დამატებით თანხას არ იხდის. ასეთი მიდგომა გვექნება ყველა გზასა და ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტთან მიმართებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თითოეული ლარის სანაცვლოდ ქვეყანამ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა მიიღოს“, — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე გადაერთვება და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით. გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.
სხვა სიახლეები
ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა
22.09.2026.14:45
ქ.თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ფორუმზე მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში.
ფორუმი გახსნეს და მონაწილე 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) თავმჯდომარემ, დეივიდ მორტონმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის რეგულირების სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებს.
“დღეს ენერგეტიკის სექტორი ისტორიული მასშტაბის ცვლილებებს განიცდის. განახლებადი ენერგიების სწრაფი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, დეცენტრალიზებული ენერგოსისტემების ზრდა, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება მარეგულირებლებისგან ახალ ხედვებსა და გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის ასეთი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთის გამოცდილებაზე ვისწავლოთ, გავიზიაროთ წარმატებული პრაქტიკა და ერთად ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენი სექტორის მომავალს განსაზღვრავს.
დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიები ნაყოფიერი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ფორუმის გახნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.
ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home