„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“ - საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნეს. მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დროული და მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც მონაწილეებს კონფერენციის თემებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გაუზიარეს. ლევან იოსელიანმა და რუსუდან კოხოძემ დეტალურად ისაუბრეს იმ საქმიანობის შესახებ, რასაც მათი უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო პროცესთან მიმართებაში ახორციელებენ.
კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება - მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება, არჩევნების მოდერნიზება და ელექტრონული სერვისების დანერგვა, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და მისი პოტენციური გავლენა არჩევნების შედეგებზე, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინა.
„საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ყოველ წელს ვმასპინძლობთ, გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამჯერად ვისაუბრებთ ორ თემაზე. პირველი - საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მეორე დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. როგორც ყოველთვის კონფერენცია არის მასშტაბური, მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელები და მიმდინარეობს ექსპერტული და პროფესიული განხილვები. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით განახორციელა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების, მათი რეკომენდაციებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2025 წლისა და შემდგომი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. ის ფაქტი, რომ წლევანდელ კონფერენციაზე განსახილველი თემების მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი, ადასტურებს რომ ეს საკითხები ყველას საერთო გამოწვევაა და მნიშვნელოვანია ჩვენ ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად“ -აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
კონფერენციის ფარგლებში ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/აპარატის უფროსმა საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ სერვისებსა და არჩევნების მართვის პროგრამებზე ისაუბრა, ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერმა გიორგი სტურუამ კი მონაწილეებს საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო.
კონფერენციის მეორე დღე დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.
კონფერენცია 5-6 ივნისს გაიმართება და მასში 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.