საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს - საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებდი ბაზრების მმართველი დირექტორი
საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა იგორ აკულოვმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები" განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის.
„საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა", - განაცხადა საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა.
სებ-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას - დავით სონღულაშვილი
09.09.2026.18:33
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან ერთად, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.
ვეტერან ფერმერებს 20 ერთეული ხელის ტრაქტორი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.
დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს და TİKA-ს, ვეტერანი ფერმერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვეტერანი ფერმერების ღვაწლი და მათ მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახური, ჩვენი ხელისუფლებისთვის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის პარტნიორობა, 2017 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, თურქული მხარის ხელშეწყობით, ვეტერანებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.