საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის ტრანსლირება რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე მოხდება
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ქართველი გულშემატკივრებისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია - უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივროს. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი „დინამო არენასთან“ შედარებით პატარაა, ნაკლებ მაყურებელს იტევს. შესაბამისად, განვაგრძობთ ტრადიციას და ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთს დიდ ეკრანზე უყუროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დღევანდელი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ დანაკლისის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.
„ალბანეთი ზოგადად უხერხული მეტოქეა, არამხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის. დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, რომ ბიჭები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდვრის საფარი საუკეთესო მდგომარეობაშია და არა ისე, როგორც უკრაინასთან შეხვედრის დროს იყო. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს. გულდასაწყვეტია გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა. ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მომერიდება ამის თქმა, რომ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი. მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. მთავარია, იყოს ის შემართება, ის ჟინი, როგორიც იყო წინა შეხვედრებში და დარწმუნებული ვარ, შედეგიც დაიდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.