საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში - პრემიერი
საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს.
„ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირება და მისი შედეგების შემსუბუქება.
კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ეს კონფერენცია წარმატებულად. ახალი მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის ნიშნულის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ წინა კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით. წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.