საქართველო „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ ინიციატივას უერთდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ ინიციატივას. შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. ინიციატივას მხარი 105 ქვეყანამ დაუჭირა.
„საქართველოსთვის „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომის დანერგვა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის ძირითადი ფოკუსია ნარჩენების პრევენციის მიმართულებით მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. „ნულოვანი ნარჩენის “ ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განცხადებას და მოწოდებას უფრო აქტიურად და ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ პლანეტის სამმაგ კრიზისს- ბიომრავალფეროვნების კარგვას, კლიმატის ცვლილებას და დაბინძურებას. „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომა ახალ შესაძლებლობას უქმნის ბიზნეს სექტორს უნარჩენო და ცირკულარული წარმოების დანერგვის მხარდასაჭერად“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოლომონ პავლიაშვილმა „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ კონცეფციის დასანერგად ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორცილების აუცილებლობაზე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის აქტიური მონაწილე საქართველოც იქნება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.