საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ECO.Georgia, რომლის უმთავრესი მიზანი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაა. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებასაც, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს ტყის მერქნული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისა და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა მიდგომამ ტყეზე ზეწოლა და დეგრადაცია უნდა შეამციროს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შეიმუშავა დამზადებული ხე-ტყის დახარისხების მოქნილი მექანიზმი და მოამზადა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. ახალი მექანიზმი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხე-ტყის მდგრად გამოყენებას და ამასთანავე ალტერნატიული საწვავის რესურსების წარმოების განვითარებას“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.