საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის 26 მარტს „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავი საკოლექციო მონეტების რეალიზაცია სიმბოლურად დღეიდან დაიწყო
დღეიდან, 26 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრო 2024"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაცია დაიწყო. სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო - 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი - 10 000-იანი ტირაჟით), ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა.
მონეტების დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინერი-ბაჩო ლაგვილავა), ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა.
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 130 ლარია, ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი კი 2 200 ლარი.
ვერცხლის და ოქროს მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელია 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან:
ელექტრონული პლატფორმა - tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში (26 და 27 მარტს);
საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:
ელექტრონული პლატფორმის - tkt.ge მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, იმავე დღის ბოლომდე;
საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდა შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს არაუმეტეს ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.
www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი;
დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%;
ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - ვერცხლის მონეტისთვის - 10 ლარი, ხოლო ოქროს მონეტისთვის - 82 ლარი.
თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება მონეტის ერთზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ერთზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
tkt.ge-ის ვებგვერდზე მონეტების შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). ტელ: 032 2 406 406
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები - მიმდინარე კვირის 26 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით. ხოლო მომდევნო კვირიდან სტანდარტულ რეჟიმში ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). ტელ: 032 2 296 604
სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მონეტების დიზაინში ასახული თითოეული დეტალი აღებულია ეროვნული ნაკრები გუნდების ბრენდბუქიდან.
ავერსზე გამოსახულია მთავარი სიმბოლო - ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო", რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის (რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს), ისე ფეხბურთელისა (რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად წვლილი შეაქვს საერთო საქმეში) და გულშემატკივრის (რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს) მხრიდან.
რევერსზე გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა, ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.
ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 10000 ცალი
წელი: 2024
ოქროს მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 8.5 გ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
წელი: 2024
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.