საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნად სტრასბურგში ღონისძიება ჩატარდა
საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად, თბილისში კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენცია ჩატარდება.
ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყნის არჩევასთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის, კომუნიკაციების კომისიისა და ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა სუზან ნიკოლტჩევმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მიმართეს.
ღონისძიებას ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, აუდიოვიზუალური სექტორის, კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას ჰყავს 41 წევრი. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ივნისში ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მართავს საჯარო მედია კონფერენციას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. საქართველო, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, აღნიშნულ ღონისძიებას თბილისში 12 ივნისს უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.