საქართველოს ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარედ ComCom წარადგენს
საქართველო ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 2024 წლის თავმჯდომარე გახდა და ამავე წელს, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ობსერვატორიის საჯარო მედია კონფერენციას უმასპინძლებს. საქართველოს ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე წარადგენს: „ჩვენთვის დიდი პატივია ობსერვატორიის თავმჯდომარეობა, რომელიც ჩვენი პორტუგალიელი კოლეგებისგან გადმოგვეცა. მზად ვართ, 2024 წლის განმავლობაში, ღირებული წვლილი შევიტანოთ ობსერვატორიის მუშაობაში და ველით პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას" - განაცხადა ივანე მახარაძემ.
საქართველოს მიერ თავმჯდომარის პოზიციის დაკავებაზე ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზანა ნიკოლტჩევმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან, როგორც „დინამიურ და ენერგიულ" თავმჯდომარე ქვეყანასთან მუშაობას. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის უკეთ გაცნობა და საჯაროდ წარმოჩენა განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება იქნება. საქართველოს თავმჯდომარეობას ასევე მხარს უჭერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ივნისის თვეში, ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მართავს საჯარო მედია კონფერენციას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. საქართველო, ComCom-ის ორგანიზებით, აღნიშნულ კონფერენციას 12 ივნისს თბილისში უმასპინძლებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.